ბსუ-ს მკვლევარების აღმოჩენა - ბეშუმის ნამოსახლარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდება




ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნუგზარ მგელაძემ მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში განახორციელა პროქტი: „გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია’’. კვლევის ფარგლებში ჩართული იყვნენ პროფესორები და ისტორიის აკადემიური დოქტორები – მერაბ ხალვაში, თემურ ტუნაძე, გოდერძი ნარიმანიშვილი, ნინო შანშაშვილი და კახაბერ ქამადაძე, ასევე დოქტორანტი სულხან ოქროპირიძე. კვლევის მიზნებზე, აღმოჩენებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის ხელმძღვანელი ნუგზარ მგელაძე.



გოდერძის უღელტეხილი – ისტორიული მიმოხილვა

გოდერძის უღელტეხილის შესწავლის ისტორიას გაცილებით უფრო ადრეული ფესვები აქვს. ყველაფერი დაიწყო 1930-იან წლებში, როდესაც არქეოლოგ გიორგი ლომთათიძის ხელმძღვანელობით მკვლევართა ჯგუფი ბეშუმის ნამოსახლარს გაეცნო. მათ ზედაპირული მასალები შეაგროვეს და გარკვეული მოსაზრებებიც გამოთქვეს. მეცნიერთა მიერ მოპოვებულ ზოგიერთ ნიმუშს დღემდე ვეძებთ და სამწუხაროდ არ არის ცნობილი სად არის ისინი შენახული, თუმცა ვიცით, რომ აღნიშნულ მასალებს ივანე ჯავახიშვილი გაეცნო და ერთ-ერთ იმდროინდელ გაზეთში კვლევის პერიოდში მოპოვებული ნიმუშების პუბლიკაციის გამოქვეყნების მნიშვნელობასა და ბეშუმის ნამოსახლარის უნიკალურობაზე ისაუბრა. ივანე ჯავახიშვილმა კვლევის გაგრძელების აუცილებლობა განსაკუთრებით აღნიშნა, რადგან იგი შესაძლებლობას იძლეოდა საქართველოს ისტორიაში არსებულ უმნიშვნელოვანეს კითხვებს პასუხი გასცემოდა.


გოდერძის უღელტეხილზე მორიგი ექსპედიცია 1972 წელს საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით  განხორციელდა,  თუმცა იგი მხოლოდ დაზვერვით ხასიათს ატარებდა. მოგვიანებით, გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისელ კოლეგებთან ერთად პირადად მეც ჩავერთე ბეშუმის ნამოსახლარების შესწავლის პროცესში, რომელიც ასევე დაზვერვით ხასიათს ატარებდა.




კვლევის შედეგები

ზემოთაღნიშნული დაზვერვებები, ძირითადად, ზედაპირული ხასიათისა იყო. 2018 წელს კი უკვე კულტურული ძეგლების დახასიათება კომპლექსური მიდგომით განვახორციელეთ. რეალურად პირველად დავიწყეთ   გოდერძის უღელტეხილის  ეთნოარქელოგიური შესწავლა. ჩვენ მიერ მიმოხილული ნამოსახლარების ერთი მონაკვეთი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და  ბეშუმის ტყიდან ადიგენამდე სივრცეს მოიცავს, დაახლოებით ათი კილომეტრის ფარგლებში, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. ერთი თვის მანძილზე ორი სენაკის გათხრა შევძელით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები იმდროინდელი ცხოვრების წესის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. არქეოლოგები არ არიან განებივრებულნი ისე, რომ თითქმის მთლიანი სახით ხშირად მიაკვლიონ ძველი ადამიანის საცხოვრებლები, ისიც მიწის ქვეშ – მიწური ტიპის დარბაზებების სახით.   ჩვენ სახეზე გვაქვს „ციკლოპური” იერსახის სამოსახლო კომპლექსები. საცხოვრებლები მიწის ქვეშ მონოლითური და დამუშავებული ქვებითაა ნაგები. ასეთი სამოსახლოები არამარტო სოციალური ჯგუფის საყოფაცხოვრებო ბინადრობას, არამედ მათ თავდაცვასაც უზრუნველყოფდა.  გათხრების შედეგად მოვიპოვეთ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთები, მათ შორის, კერამიკული კეცები, გამოვლინდა კერა და თონე, ასევე, აღმოვაჩინეთ რელიგიური – სარიტუალო დატვირთვის მქონე მასალები. ლაბორატორიული ანალიზისთვის ავიღეთ მიწის სინჯები და მივიღეთ ბრწყინვალე შედეგები. გამოვლინდა უძველესი ხორბლეულის ენდემური  ჯიშები, რის მეშვეობითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანები იქ მუდმივად ცხოვრობდნენ. იმ დროს მოსახლეობა მეურნეობას, როგორც ჩანს,  სიმბიოზურად წარმართავდა და დაკავებული იყო მესაქონლეობით, მიწათმოქმედებითა და წვრილფეხა ცხოველებზე ნადირობით. საექსპედიციო მუშაობის პერიოდში მივაგენით „აბრეშუმის გზის” მონაკვეთს, რომელიც სწორედ ბეშუმის ნამოსახლარზე გადიოდა.




გულსაკიდი. მინა. გახ–ვრეტილი.
მოხატულია ლურჯი და მწვანე საღებავებით
შემკულია სხვადასხვა გამოსა–ხულებებით
ზომები: 1,2x1,1 სმ. 





კეცის ნატეხი. მოწითალო.ხელით ნაძერწი. თიხა კენჭნარევი.პირი ფართო, ბაკო  შემკულია რელიეფური ტალღო–ვანი სარტყლითპირის დმ-7,5 სმ, სიმაღლე-6 სმ.






სასრესი ქვა.ოვალური ფორმის რუხი ფერის. ზომები: 9x7 სმ.
  


შურდულის ქვები. მრგვალი ფორმის. ზომები: 1. 5x4,2 სმ; 2. 4,2x4 სმ.






ბეშუმი და „აბრეშუმის გზა“

აჭარისწყალსა და ქვაბლიან-ფოცხოვის ხეობებზე გამავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზა სამხრეთ კავკასიაში ძველთაგანვე ცნობილი „აბრეშუმის გზის” ერთ ერთი მნიშვნელოვანი განშტოება იყო, ხოლო ბეშუმის ძველი ნამოსახლარები ამ გზის სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენდნენ.


გოდერძის უღელტეხილზე გამავალი ძველი გზა დიდი სატრანზიტო კომუნიკაციის ნაწილს შეადგენდა, კერძოდ, საუღელტეხილო გადასასვლელი აჭარისწყლის ხეობით ერთმანეთს მტკვრის ხეობის მოსახლეობას (ქართლი, თრიალეთის ზეგანი) შავიზღვისპირეთის რეგიონებთან აკავშირებდა. საქართველოში სავაჭრო–საქარავნო გზებს უძველესი დროიდანვე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.


ბეშუმის ნამოსახლარების დანიშნულება მრავალმხრივი უნდა ყოფილიყო. ძირითადად ეს იყო  სტრატეგიული მეტალურგიული ცენტრების, მაგისტრალური გზის დაცვისა და სავაჭრო ურთიერთობების საჭიროებათა უზრუნველყოფა. თავის მხრივ სავაჭრო გზაც, ბუნებრივ პირობებთან ერთად, მუდმივი დასახლებისათვის აუცილებელ საარსებო მოთხოვნებს პასუხობდა.

კვლევის მნიშვნელობა


გოდერძის უღელტეხილის კულტურულ ფასეულობათა ღირებულება სამი ძირითადი მიმართულებით განიხილება: სამეცნიერო, სასწავლო-საგანმანათლებლო და ზემო აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითრების თვალსაზრისით. კვლევას უზარმაზარი სამეცნიერო დატვირთვა აქვს, რადგან იგი საქართველოს ისტორიის არაერთ ბუნდოვან ეპიზოდთან დაკავშირებულ კითხვას გასცემს პასუხს. ჩვენ მატერიალური  კულტურის ისტორიას ვსწავლობთ, ამასთან, კონკრეტული პერიოდის მოსახლეობის ცხოვრების სოციალური და ეკონომიკური წესის რეკონსტრუქციასაც ვახდენთ. სასწავლო და კვლევითი თვალსაზრისით პროექტის შედეგები სამომავლოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ ისტორიული, ეთნოლოგიური თუ არქეოლოგიური ხასიათის არაერთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომს დაედება საფუძვლად. ასევე იგი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო კურსებისათვისაც უაღრესად ფასეული იქნება.




თანამედროვე პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ჭრილში ბეშუმის ნამოსახლარების შესწავლა დამატებით მნიშვნელობასაც იძენს. ბეშუმის ძველი ნამოსახლარების ეთნოარქეოლოგიური შესწავლის საფუძველზე შესაძლებელია კულტურული ტურიზმისათვის საინტერესო პროდუქტი შეიქმნას, რომელიც ბეშუმის დაცულ ტერიტორიას – პარკს, ასევე, გოდერძის უღელტეხილის სამთო სათხილამურო კომპლექსს უფრო მეტად მიმზიდველს და მრავალფეროვანს გახდის. ტურისტული თავლსაზრისით გოდერძის უღელტეხილისადმი ინტერესი დიდია. სწრაფი ტემპებით ვითარდება სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა. ამის შემადგენელი ნაწილი შეიძლება ბეშუმის ნამოსახლარები გახდეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ტურისტებისთვის იგი ერთ-ერთ საინტერესო და მიმზიდველ დასათვალიერებელ ადგილად უნდა იქცეს.

სამომავლო გეგმები


გოდერძის უღელტეხილის შესწავლა სამომავლოდაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. დავიწყებთ უფრო საფუძვლიანად არქივში წერილობით წყაროებზე მუშაობას, ძირითადად, XIX საუკუნის  მეორე ნახევრისა და  XX საუკუნის ჩანაწერებს გავეცნობით. გარად ამისა, წელსაც გავაგრძელებთ არქეოლოგიურ გათხრებს და ახალი აღმოჩენების გაკეთებას. ასევე, კულტურულ ფასეულობათა აღრიცხვის თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება სამარშრუტო ტურისტული რუკისა და, შესაბამისი სტატისტიკის საფუძველზე ელექტრონული ბაზის მომზადება. ელექტრონულ ბაზაში ბეჭდური პროდუქცია და ფოტოარქივიც იგულისხმება, რომელსაც სამომავლოდ ტურისტული ბროშურებისა თუ გზამკვლევების მოსამზადებლად გამოიყენებენ.



2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკვე 2020 წლიდან დიდი ხუთწლიანი პროექტი იგეგმება, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდება. ძეგლების ეთნოარქეოლოგიური შესწავლის შემდეგ  კი მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც ნამოსახლარების სათანადო დონეზე კონსერვაციასა და  სარესტავრაციოდ მომზადებას გულისხმობს. უნდა შეიქმნას წარსულში არსებული ნაქალაქარებისა და სათემო დასახლებების ღია ცის ქვეშ მუზეუმ-ნაკრძალი. ბეშუმის წიწვოვან ტყეში და, საერთოდ, გოდერძის უღელტეხილის არეალში ყველა პირობა არსებობს, რათა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მოღვაწე ჩვენი წინაპრების ცხოვრების ნაკვალევი გავაცოცხლოთ. დადგება დრო, როცა წლის ნებისმიერ სეზონზე მათი ხილვა და დათვალიერება ყველას შეეძლება.


ასეთი ამბიციური გეგმები გვაქვს. ეს არ გახლავთ ტიპური -  მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის არქეოლოგიური გათხრები და საველე თუ კაბინეტური ეთნოლოგიური კვლევები, რადგან იგი ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით თანამედროვეობასთან მჭიდრო კავშირშია და ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებას ემსახურება, როგორიც ტურიზმია.



Comments