ბსუ-ს მკვლევარი: "კოლხეთის ტორფნარები მალე მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი გახდება"


იზოლდა მაჭუტაძე
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება წლებია კოლხეთის დაბლობის  მსოფლიოს უნიკალურ პერკოლაციური ტიპის სფაგნუმიან ტორფნარებს იკვლევს. 

ტორფნარებში ნახშირბადის დიდი რაოდენობაა და გამაგრილებელ მოწყობილობებს წარმოადგენს, დიდ როლს თამაშობენ გლობალური, რეგიონული და ლოკალური კლიმატის რეგულაციაში, ხოლო  დარღვეული ტორფნარი სათბური გაზების ემისიის წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს კლიმატის რეგულაციას.  უნიკალურობის გამო კოლხეთდაბლობს განსაკუთრებული ადგილი ერგო ტორფნარების მსოფლიო რუკაზე, ის მსოფლიო მეცნიერებისა და გარემოსდამცველთა ყურადღების ქვეშაა. კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელ იზოლდა მაჭუტა საუბრობს ტორფნარების კვლევასთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებაზე, რეგიონის განვითარებისთვის ტორფნარების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.


ტორფნარები - ჭაობი თუ უნიკალური ველური ბუნება

კოლხეთის დაბლობის სფაგნუმიან ტორფნარებზე მუშაობა 1998 წლიდან დავიწყე. იმ პერიოდში საზოგადოებაში განსხვავებული მენტალიტეტი იყო. ხალხი ფიქრობდა, რომ ჭაობები მხოლოდ დამყაყებული წყალი და კოღოების ბუდე იყო. საბჭოთა პერიოდში სურდათ დაეშროთ ტორფნარები, მელიორაციული პროცესები და ტორფის მოპოვება მიმდინარეობდა, ამან კი ცუდი შედეგები გამოიღო. საბედნიეროდ, დღეისთვის უკვე შევძელით და წარმოვაჩინეთ ტორფნარების გლობალური გარემოსდაცვითი ღირებულებები, როგორიცაა, კლიმატის ცვლილების და ჰიდროლოგიური რეჟიმის მარეგულირებელი, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, კულტურული არქეოლოგიური და ეკოტურისტული ღირებულებები.
 
1999 წელს ჰოლანდიელ (ჰანს ჰიუსტენი, ჯონ კოვენბერგი) და გერმანელ (ჯენი შულცი)  მეცნიერებთან ერთად ვღებულობდი მონაწილეობას კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ „ისპანი 2“ სფაგნუმიანი ტორფნარი ჰიდროგენეტიკაზე დაყრდნობით მსოფლიოში პირველ პერკოლაციური ტიპის ტორფნარს წარმოადგენს. 2005 წელს კი იმნათის ტორფნარზე შესრულებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმნათი არის მსოფლიოს მეორე პერკოლაციური ტიპის ტორფნარი. სწორედ ამ უნიკალურობის გამო კოლხეთი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.




ტორფნარების სამეცნიერო კვლევების ეკონომიური მნიშვნელობა რეგიონისთვის

კოლხეთის ტორფნარებზე 1999 წლიდან  მრავალი საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო შრომა განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს ბსუ-ს უნივერსიტეტისა და გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.  



სამეცნიერო კვლევების შედეგები  საფუძვლად დაედება ეკოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური ღირებულების მქონე პროექტების განხორციელებას. განვითარდება სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები როგორიცაა: „პალუდიკულტურა“ ანუ ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული მეურნეობის დარგები.  „პალუდიკულტურის“ შექმნით დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, იქნება შემოსავალი, რაც დიდ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს რეგიონს. განვითარდება მეყვავილეობის დარგები, სამშენებლო ბრიკეტებისა და ალტერნატიული საწვავისათვის აშენდება საამქროები.


ასევე,  შეიძლება სფაგნუმის პლანტაციის მოშენება, რაც ეკონომიკურ მოგებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. სფაგნუმი აუცილებელია ორქიდეის მოყვანისთვის, შესაბამისად შეიძლება სანერგეების გაკეთება,  ორქიდეის მოშენება. სფაგნუმს სხვა ქვეყნიდან აღარ შემოვიტანთ  და პირიქით ექსპორტზეც გავიტანთ.

სფაგნუმი არის ატმოსფეროს დაბინძურების განმსაზღვრელი ერთ-ერთი საშუალება, კერძოდ, აჩვენებს მძიმე მეტალების არსებობას ჰაერში. აღნიშნული მცენარისგან შესაძლებელია სპეციალური ე.წ. ჩანთების დამზადება, რომელიც ჰაერის დაბინძურების განსაზღვრისგანთავსდება ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სფაგნუმიან ტორფნარებზე ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებს მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია სამედიცინო სფეროსა და ფარმაცევტებისათვის. 




კოლხეთის ლანდშაფტების ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი და ლანდშაფტების ეკოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

სამომავლოდ კოლხეთის ლანდშაფტების ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის შექმნა იგეგმება. ასევე, მალე ბსუ-ში ინგლისურენოვანი ლანდშაფტების ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება. საველე კვლევებზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილი იქნება ბიოლოგების, ეკოლოგების, გეოგრაფების, ისტორიკოსების და არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის. კოლხეთის ლანდშაფტების ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი და ლანდშაფტების ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ფიტოპათოლოგიისაა და  ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ბაზაზე იფუნქციონირებს.





მენეჯმენტის გეგმები და იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი

თავის დროზე ბსუ-ში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების შექმნის გადაწყვეტილება მართებული იყო. 2015-2018 წლებში სწორედ ამ განყოფილების არსებობამ და ჩვენმა ჩართულობამ განაპირობა ის, რომ კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა  „კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ და „ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების“  ტენდერში ბსუ სცნო გამარჯვებულად. შემუშავდა მართვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და როგორც კანონი 2019 წელს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.  გეგმის შემუშავება ძალიან რთული პროცესი იყო, მაგრამ ამ სირთულეებმა თან მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის საამაყო გამოწვევა:  2019 წლის 2 თებერვალს დაცული ტერიტორიების სააგენტომ „კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ეკოსისტემები“ UNESCO-ში წარადგინა, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი. შედგა UNESCO-ს პრეზიდენტის ვიზიტი, დაგეგმილია მისიის ვიზიტი და წლის ბოლოს იუნესკო ოფიციალურად გამოაცხადებს „კოლხეთის ტყეებსა და ჭარბტენიან ეკოსისტემებს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ყოველივე ამას საფუძვლად დაედო სწორედ გრეიფსვალდის მეცნიერებთან ერთად ჩვენ მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევები.

მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ეკოტურიზმის განვითარებისთვის. ისპანი 2 სფაგნუმიან ტორფნარზე ჩატარებულ კვლევებზე  დაყრდნობით შესაძლებელი იქნება სპეციალური სივრცეების მოწყობა, რათა ვიზიტორს შეექმნას სრული წარმოდგენა, იმაზე თუ როგორ ჩამოყალიბდა დღევანდელი ისპანის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი, რომ შორეულ წარსულში აქ ზღვა იყო, შემდეგ თანდათანობით წარსულ გეოლოგიურ ეპოქაში წარმოიქმნა ახალშავზღვური ტერასა, შემდეგ თუ როგორ დასახლდა ბრინჯაოს ხანის “ისპანის” მოსახლეობა, თანდათანობით წყლის მოძალების გამო თუ როგორ დაჭაობდა არემარე, როგორ გახდა იძულებული მოსახლეობა მთაში გახიზნულიყო, როგორ იცვლებოდა მცენარეული საფარი და შესაბამისად კლიმატიც, რა უძღოდა წინ კოლხეთის თბილი და რბილი კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელმაც მსოფლიო უნიკალური ისპანის ტორფნარები მოგვცა. მსოფლიოს არცერთ დაცულ ტერიტორიას არ აქვს მსგავსი სივრცეები და სწორედ ჩვენი ტორფნარები იქნება პირველი ამ მიმართულებით.

ამ ნომინაციას მოჰყვება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო  დოსიეს მომზადება და კოლხეთი ერთადროულად გახდება ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის საგანძური. ასეთები კი მსოფლიოში თითო-ოროლაა და ჯერი არქეოლოგებზეა.




დრომ და ჩვენმა განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა  კოლხეთის ტორფნარების უნიკალურობა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ახალი მსოფლიო ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის  უბანი შეემატება. ეს უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის და თამამად ვიტყვი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტისთვის. ბუნებრივია, სამომავლოდ ვაგრძელებთ მუშაობას. ტორფნარები ამოუწურავი თემაა და  მიხარია, რომ ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევარები, ჩვენი დოქტორანტები დაინტერესებული არიან და სხვადასხვა კვლევას ატარებენ. შესაბამისად სამომავლოდ კიდევ ბევრ სიახლესა და აღმოჩენას უნდა ველოდოთ.




Comments