ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა გიორგი ყაზბეგის საფლავი აღმოაჩინა

საფლავი, სადაც გადასვენებულია გიორგი ყაზბეგის ნეშტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი უკვე ათწლეულებია სხვა მიმართულებებთან ერთად  ისტორიისა და არქეოლოგიის განხრით მუშაობს. 2017 წელს სტამბოლის ქართული სავანის კვლევის ფარგლებში, რომელიც თურქეთში საუკუნეზე მეტია ქართული კულტურისა და განათლების კერაა,   ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა თერგდალეულთა თაობის  წარმომადგენლის, გეოგრაფის, სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი ყაზბეგის საფლავი აღმოაჩინეს. აღმოჩენის მნიშვნელობასა და ქართული სავანის შესახებ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე და ამავე ინტიტუტის  ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი, ემერიტუს-პროფესორი შუშანა ფუტკარაძე საუბრობენ.


                                  ნიკო ბერძენიშვილის ინტიტუტის  ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა
                                    და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი, 
                                                         ემერიტუს-პროფესორი შუშანა ფუტკარაძე

დიდი აღმოჩენის დასაწყისი

შუშანა ფუტკარაძ

წლებია რაც სტამბოლის ქართულ სავანეში ვმუშაობ და ერთ-ერთი ვიზიტის დროს სავანის ბიბლიოთეკაში ვიპოვე მასალები, რომლებმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ეს გახლდათ ცნობები, რომლითაც ირკვეოდა, რომ გიორგი ყაზბეგი სიცოცხლის ბოლო წლებში სავანეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ერთ-ერთი გახლდათ გაზეთი „სოციალ ფედერალისტი, 1921 წლის 20 აპრილს გამოცემული ნომერი, სადაც მითითებული იყო შემდეგი ტექსტი: „გარდაიცვალა გენერალი გიორგი ყაზბეგი, კომენდანტი ვლადივასტოკისა, ყოფილი თავმჯდომარე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა.“ ასევე, მოვიპოვე ცნობა, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „სტამბოლის ქართულ სავანეში მოწყობილი დამხმარე  საზოგადოების საშუალებით იკვებებოდნენ: ბენია ჩხიკვიშვილი - დამფუძნებელი კრების წევრი,  გიორგი ყაზბეგი- 80 წლის გენერალი, სოფელ ყაზბეგიდან, ქვრივი, მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ, ოჯახის ხუთი წევრი. ყველა აქედან იღებდა  საკვებს.“

ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა დღემდე გავრცელებულ ვერსიებს გიორგი ყაზბეგის ცხოვრების ბოლო წლებისა და საფლავის შესახებ. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრება და როგორც ქართულ-საბჭოთა ენციკლოპედიაშია მითითებული, გიორგი ყაზბეგი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში მოღვაწეობდა  და აქვეა დაკრძალული. ასევე, არსებობს ვერსია, თითქოსდა ის 1921 წელს საქართველოს დამფუძნებელ კრებას გაყვა ემიგრაციაში პოლონეთში მკურნალობის მიზნით, თუმცა კონკრეტული ცნობები და დამადასტურებელი მასალა დღემდე არ მოგვეპოვებოდა. შესაბამისად, ჩემ მიერ მოპოვებული ცნობები გახდა ქართული სავანის შემდგომი კვლევების საფუძველი, რაც საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო აღმოჩენით დასრულდა. 


                                     ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძ

როინ მალაყმაძე

ქალბატონი შუშანა წლების მანძილზე აქტიურად იკვლევდა სტამბოლის ქართულ სავანეს და მას შემდეგ რაც მნიშვნელოვანი ცნობები აღმოაჩინა გიორგი ყაზბეგის ცხოვრების შესახებ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა დავიწყეთ სტამბოლში არსებული  ქართული კულტურის სავანისა და არქივის შესწავლა. კერძოდ  2013 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მეშვეობით მოვამზადეთ  სამეცნიერო პროექტი: „სტამბოლის ქართული სავანის არქივისა და ბიბლიოთეკის ეპისტოლარული და მემუარული მემკვიდრეობის შესწავლა.“  

                                                       ქართული სავანის ბიბლიოთეკა.
                                 ნიკო ბერძენიშვილის მეცნიერ-თანამშრომლები ეცნობიან არქივს. 2013 .

სამი წლის განმავლობაში სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომლები ქალბატონები ელზა ფუტკარაძე, ნაილა ჩელებაძე, თამილა ლომთათიძე და დოქტორანტი შორენა ფუტკარაძე  ვიკვლევდით არქივსა და ბიბლიოთეკას. კვლევისას ვიპოვეთ ჩანაწერები, სადაც მოხსენიებული იყო გიორგი ყაზბეგი და ამ ჩანაწერების მეშვეობით გაჩნდა ეჭვი, რომ მისი საფლავიც სწორედ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში უნდა ყოფილიყო. ჩვენ მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე გამოვეცით საკმაოდ ვრცელი მონოგრაფია „ წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“,  ეს წიგნი არის წყაროთმცოდნეობის ბაზა რომლის საფუძველზეც, საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესებულ მკვლევარებს შეუძლია  სხვადასხვა სამეცნიერო სტატიის მომზადება. მონოგრაფიას დიდი დაინტერესება მოჰყვა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოხატა ინტერესი სტამბოლში ჩაეტარებინათ კვლევა-ძიებითი სამუშაოები და დაედგინათ გიორგი ყაზბეგის საფლავის ადგილი.  შეიქმნა ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი ბატონი გურამ ლორთქიფანიძე. დელეგაციაში ვიყავი მეც, როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სხელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

გიორგი აზბეგის საფლავის კვლევა-ძიების ექსპედიციის წევრები.
2017

გიორგი ყაზბეგის საფლავის ძიება

როინ მალაყმაძე

გიორგი ყაზბეგის საფლავის ძიება დავიწყეთ შარშან 2017 წლის 4 დეკემბერს და გაგრძელდა დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე. კვლევა-ძიებითი სამუშაოები დავიწყეთ ფერიქოის უბანში განლაგებულ ქართველ კათოლიკეთა მონასტერსა და მასთან არსებულ სტამბოლის ქართული სავანის არქივსა და ბიბლიოთეკაში, გავეცანით წერილობით წყაროებს.  არსებობდა ზეპირი გადმოცემა, რომ ქართველი გენერალი   სავანის ეზოში სამხრეთ კედელთან იყო დაკრძალული. ამ არქივის და ბიბლიოთეკის ხელმძღვანლის პავლე ზაზაძის დახმარებით დავათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერი აღმოვაჩენთ. შემდეგ, ეზოში მივაკვლიეთ მარმარილოს საფლავის ქვებს, რომლებიც გადმოტანილი იყო სტამბოლში არსებული ქართველთა სასაფლაოდან. აღნიშულ ტერიტორიაზე სასტუმროს კომპლექსის აშენების გამო ქართველებს ეს ქვები სწორედ სავანის ეზოში გადმოუტანიათ. ქვებზე წარწერები მხედრულით არის შესრულებული, ამოკვეთილია მიცვალებულთა ვინაობა და წარმომავლობა. იმედი გვქონდა , რომ აღნიშნულ ქვებზე ვიპოვიდით გიორგი ყაზბეგის წარწერას, თუმცა აქაც ვერ აღმოვაჩინეთ. შემდეგ უკვე მუშაობა გავაგრძელეთ კათოლიკეთა სასაფლაოზე, ვიფიქრეთ, რომ  ჩანაწერებში იქნებოდა მითითებული სახელი და გვარი, მაგრამ იქაც ვერ მივაკვლიეთ.





ქართულ სავანეში მცხორები ადამიანების სიამოხსენიებულია გიორგი ყაზბეგი.
საარქივო წყარო.





დავთარი, რომელშიც აღრიცხულია ბერძენ 
მართლმადიდებელთა საფლავზე დაკრძალული
ადამიანები. მოხსენიებულია გიორგი ყაზბეგი.








წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მთელი ყურადღება გადავიტანეთ სტამბოლის ცენტრში მდებარე შიშლის ბერძენ მართლმადიდებელთა სასაფლაოზე, რომელიც ქართული სავანისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. აღნიშნულ სასაფლაოზე რამდენიმე მსოფლიო პატრიარქია დაკრძალული. მოვიპოვეთ საარქივო ჩანაწერები, დავთრები, სადაც მოცემულია დაკრძალული ადამიანების სია და მათ შორის მოხსენიებულია გიორგი ყაზბეგი 519-ე ნომრად. მითითებულია ქართველი გენერლის გარდაცვალების თარიღი, 1921 წლის 24 მარტი და დაკრძალვის ადგილი. საფლავის მოვლა-პატრონობა ფასიანია  და რადგან  თანხას შემდგომში საფლავის მოვლა-პატრონობაზე არავინ იხდიდა, ყაზბეგის ნეშტი ამოუსვენებიათ და დაუსვენებიათ საერთო (ძმათა) სასაფლაოზე.

გარდა ზემოთაღნიშნული ცნობებისა, არსებობს კიდევ დამატებითი ცნობები რაზეც ვმუშაობთ და ჯერჯერობით არ ვახმოვანებთ. ფაქტობრივად დღეს შეიძლება ითქვას, რომ ცნობილია  ქართველი მეცნიერისა და  საზოგადო მოღვაწის  გიორგი ყაზბეგის საფლავის ადგილი. გარდაცვალების თარიღი გვეუბნება, რომ გიორგი ყაზბეგი არ გაყოლია დამოუკიდებელ მთავრობას, როგორც აქამდე ერთ-ერთი ვერსიით იყო ცნობილი. იგი რამდენიმე თვით ადრე წასულა სტამბოლში ან საქმიანი ვიზიტით ან სამკურნალოდ. თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სავანეში და ღებულობდა შემწეობას. გარდაცვალების მიზეზები არ არის ცნობილი, თუმცა მთავარია უკვე ვიცით სად გაატარა ცხოვრების ბოლო წლები და სად არის დაკრძალული.

აღნიშნული აღმოჩენა მნიშვნელოვანია საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვლევის მანძილზე სხვა ქართველთა საფლავებს მივაკვლიეთ და მოვიპოვეთ ცნობები, რომლებზეც სამომავლოდ ჩვენი ინსტიტუტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.


სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესია და მამათა მონასტერი.
შემდგომში სტამბოლის ქართული სავანე.

პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ 1861 წელს დაარსებული სტამბოლის ქართული სავანეს შესწავლა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს უახლესი საქართველოს ისტორიის კვლევაში. სავანე იყო ქართველი ლტოლვილების თავშესაფარი, 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოების შემდეგ, დამოუკიდებელი მთავრობა ნოე ჟორდანიას თაოსნობით გარკვეული პერიოდი  სწორედ ამ სავანეში ცხოვრებდა. აქვე განთავსებულია ბიბლიოთეკა, სადაც 17  სხვადასხვა ენაზე დაწერილი 83 000-მდე წიგნია დაცული. ასევე, ინახება ისტორიული საარქივო მასალა. აქედან გამომდინარე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი აგრძელებს სავანეში მუშაობას და ახლო მომავალში  საზოგადოებას ახალ სამეცნიერო აღმოჩენებს გააცნობს.



Comments