ბსუ-ს პროფესორი აჭარაში გავრცელებული ხილის შემადგენლობასა და სარგებლიანობას იკვლევს



ბსუ-ს პროფესორი ალეკო კალანდია

2014 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი მოქმედებს. ლაბორატორიაში აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევის ორასამდე მეთოდი. ცენტრმა 2018 წელს შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში განახორციელა კვლევა: “აჭარაში გავრცელებული ზოგიერთი ხეხილოვან მცენარეთა ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა და მათი პასპორტიზაცია“. კვლევის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და შედეგებზე საუბრობს პროექტის ხელმძღვანელი ბსუ-ს პროფესორი ალეკო კალანდია.

კვლევის მნიშვნელობა

უნივერსიტეტის მისიიდან განისაზღვრება ყველა ის თემა და მიმართულება, რაზეც ქრომატოგრაფიული ცენტრი მუშაობს.  ჩვენ რეგიონში და ზოგადად საქართველოში არსებულ მცენარეულ ნედლეულს ვსწავლობთ. ვიკვლევთ, როგორც  ადგილობრივ, ასევე არაქართულ ჯიშებს. უშუალოდ აჭარაში გავრცელებული ხეხილოვანი მცენარეების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტეთ.

აღნიშნული თემის არჩევა განაპირობა საქართველოში ხეხილოვანი მცენარეების შემადგენლობის არასათანადოდ შესწავლის პრობლემამ. სწორედ ჩვენ დავიწყეთ პირველებმა ამ მიმართულებით მუშაობა და საკითხის ძირეული კვლევა. შესაძლოა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი კვლევითი ინსტიტუტია, ინფორმაცია ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესახებ ზედაპირულია. კვლევები ძირითადად ჩატარებულია 20-30 წლის წინ, ბუნებრივია მაშინ შესაძლო ტექნიკური საშუალებებით. ჩვენთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში პროექტში საკვლევ  მცენარეთა ნაყოფის: ვაშლის, მსხლის, კომშის, ბლის და ქლიავის ადგილობრივი ჯიშების შესახებ ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ კვლევებში პრაქტიკულად არ იძებნება. საკუთარი პროდუქციის პრეზენტაციის  მიმართულებით კვლევები ინტენსიურად ტარდება მეზობელ თურქეთში, შავიზღვისპირა და ბალკანეთის ქვეყნებში. სამწუხაროდ, საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია. ჩვენთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში შეუძლებელია მოიძებნოს მონაცემები აჭარაში გავრცელებული ხეხილოვანი მცენარეების ქიმიური შედგენილობის შესახებ.




სოფლის მეურნეობა საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა დასახელებული და რა თქმა უნდა ჩვენი რეგიონიც აქტიურადაა ჩართული აღნიშნული მიმართულების განვთარებაში. აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ვიზიტორთა საკვებით უზრუნველყოფა. ტურისტისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს რას მიირთმევს, მისი ქიმიური შემადგენლობა და სარგებლიანობა.

ქართული პროდუქციის განვითარებისა და მსოფლიო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით  ქართული ხილის ქიმიური შემადგენლობის შესწავლა და ამ მიმართულებით კვლევების ჩატარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დღევანდელ მსოფლიოში გაიზარდა მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე. დროთა განმავლობაში იცვლება მოსახლეობის მოთხოვნები. საჭიროა ვიცოდეთ რა პროდუქტს მივირთმევთ, არის თუ არა ადგილობრივი ჯიშის და რა სარგებელი მოაქვს.  საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს სამსახური, რომელიც დაადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და უზრუნველყოფს ეტიკეტირებას.

ქიმიური შემადგენლობა და მითები

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი შეხედულებები სხვადასხვა სახეობის პროდუქტის სარგებლიანობასა და ქიმიურ შემადგენლობაზე. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ ვაშლი. საზოგადოებაში არასწორი მოსაზრებაა გავრცელებული, რომ  თითქოს ვაშლი  დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს და თუ გაჭრილი ვაშლი კარგად გამუქდება და ფერს იცვლის, ეს რკინის მაღალი შემცველობის მაჩვენებელია. სწორედ აღნიშნული კვლევით დავადგინეთ, რომ ვაშლი არ შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და გაჭრილი ვაშლის ფერის ცვლილების მიზეზიც სულ სხვა ნივთიერებაა.




ასევე, საინტერესოა თაფლის მაგალითი. მოსახლეობას წაბლის თაფლის განსხვავების ერთ-ერთ მაჩვენებლად სწორედ მისი მუქი შეფერილობა და მწარე გემო მიაჩნია, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში კი წაბლის თაფლის განსაზღვრისთვის აუცილებელია მისი ქიმიური შესწავლა, თაფლში წაბლის მტვრის ნაწილაკების გარკვეული პროცენტული რაოდენობის არსებობა.

კვლევის მიზნები

კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიების წინაპირობის შექმნაა. მარტივი მაგალითებით შეიძლება დავინახოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქიმიური შემადგენლობის შესწავლას  და ცოდნას. ხილს ვიყენებთ მთლიანად ან მისგან ვღებულობთ წვენს და დარჩენილ ნაწილს ვყრით. დავფიქრდეთ, ვაშლის რამდენ პროცენტს მივირთმევთ, ალბათ 60 პროცენტს, ხოლო დანარჩენს ვყრით. სწორედ ნარჩენების გამოყენებით არის შესაძლებელი პრეპარატების მიღება. 

ახლო მომავალში მიწვეული ვარ გერმანიაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რომელიც მუშაობს ანარჩენებზე. აღნიშნული ქვეყანა სწორედ ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მაშინ როცა ჩვენ ე.წ  ნარჩენებს ვყრით და ვკარგავთ. არასწორია როდესაც  საკვებს ნარჩენებს ვეძახით, მართებული ტერმინია ანარჩენები, რომლისგანაც შეიძლება პრეპარატის მიღება. პრეპარატი რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ რომელი ხილი რომელი პრეპარატის მისაღებად შეიძლება გამოვიყენოთ.  მაგალითად, ვაშლის ანარჩენისგან ჩვენ რკინას კი არ მივიღებთ,  არამედ პოლიფენოლების ჯამურ პრეპარატს, რომელსაც ექნება ძალიან კარგი ანტიოქსიდანტური, ანუ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ასევე, მოცვისგან შესაძლებელია წითელი საღებავის მიღება.  მსხლის ნარჩენს გამოვიყენებთ ცელულოზას მისაღებად, რომელიც კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის არის სასარგებლო.


კვლევისას ჩვენს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტის შექმნა. უკვე ვახსენე, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბიოპროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა, რაც ავტომატურად პროდუქციის ქიმიური შემადგენლობის ცოდნას მოითხოვს. გარდა ამისა, ექსპორტზე გატანილი პროდუქტი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა თქმა უნდა ეს ქიმიურ შემადგენლობასაც ეხება. გვაქვს ხელშეკრულებები ორგანიზაციებთან, რომლებიც მოგვმართავენ პროდუქტის ქიმიური შემადგენლობის შესწავლასთან დაკავშირებით, რაშიც უკვე ჩატარებული კვლევების შედეგები და გამოცდილება გვეხმარება.


უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, კვლევის მანძილზე ბსუ-ს ქრომატოგრაფიულ ცენტრში ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის ლაბორატორიისა და მკვლევართა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც უკვე ემსახურება სამეცნიერო ორგანიზაციებში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ასევე რეგიონში მოქმედ კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ სამრეწველო დაწესებულებებს. დღეს უკვე 15 ორგანიზაციასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება და აქტიურად ვთანამშრომლობთ.

სამომავლო გეგმები

ამჟამად ბსუ-ს ქრომატოგრაფიული ცენტრი აღნიშნული მიმართულებით ორ კვლევაზე მუშაობს. ერთ-ერთი ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერაა დაფინანსებული და ციტრუსების კვლევას ემსახურება. კვლევა ითვალისწინებს ციტრუსების არა ქიმიური შემადგენლობის შესწავლას, არამედ წვენების წარმოებასა და პრეპარატების მიღებაში გამოყენებას. 


მეორე კვლევა ღვინისა და თაფლის მიმართულებით ხორციელდება, რომლის მიზანია ადგილმდებარეობის მიხედვით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის (ღვინის) შერევისას ქიმიური შედგენილობის ცვლილებაზე გავლენის შესწავლა, თაფლის ქიმიურ შედგენილობაზე მცენარეული წარმომავლობის ფაქტორის დადგენა .საქართველოში გავრცელებული ღვინისა და თაფლის ფალსიფიკაციის მეთოდების მოდელირებით შესაბამისი ფალსიფიცირებული პროდუქციის ქრომატოგრაფიული მახასიათებლების შექმნა.

ქრომატოგრაფიული ცენტრი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სასურსათო  პროდუქციის და გარემოს კვლევის მიმართულებით, მოვემსახურებით ადგილობრივ კომპანიებს და ჩართული ვიქნებით საერთაშორისო პროექტებში.


Comments