სამეცნიერო-კვლევითი პროექტი: "ქართული წარმოების ზოგიერთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე"



ბსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ეკონომიკის დოქტორის ბადრი გეჩბაიას კვლევით პროექტი: ქართული წარმოების ზოგიერთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე ბსუ-ს მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის 2019 წლის ერთ-ერთი გამარჯვებულია. კვლევით პროექტში ჩართული იყვნენ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გელა მამულაძე, ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე, ასისტენტ-პროფესორი ნანული მახარაძე, დოქტორანტი მირზა სუქნიშვილი, მაგისტრი მარიზა დუმბაძე და ბაკალავრი ეკატერინე ჯინჭარაძე.



კვლევის მნიშვნელობა და აქტუალობა

ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის, ასევე სოციალური პრობლემების მოგვარებისა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის, ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლება. მით უმეტეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს შეთანხმება ასოცირების შესახებ, რომელიც მოიცავს  ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს. გარდა ამისა, 2000 წლის 14 ივნისიდან, საქართველო გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) 137-ე წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სრულფასოვნად ვერ იყენებს ვერც ერთ იმ შეღავათს, რომელიც დაწესებულია როგორც ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ისე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებით. ვერ ვიტყვით, რომ 2015 წლის შემდეგ (როცა საქართველომ დადო ხელშეკრულება ევროკავშირთან), საექსპორტო მაჩვენებელი ევროკავშირის მიმართულებით რადიკალურად გაიზარდა.

ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდა, პირდაპირაა დაკავშირებული ამ პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასთან. ის ბუნებრივი უპირატესობანი, რომელიც გაგვაჩნია, მხედველობაში გვაქვს ბიოლოგიურად სუფთა კვების პროდუქციის წარმოება, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ფაქტია ისიც, რომ ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ევროპულ ბაზარზე, უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მანამ, სანამ ქართული წარმოების პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავა, ადგილობრივ ბაზარზე უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი.

ცალკეული ქართული წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე საკმარისად არ არის შესწავლილი. თუმცა ფასების კვლევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ადგენს სამომხმარებლო კალათის ღირებულების დადგენას. ამ დროს, ფასების კვლევას ექვემდებარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქის აგრარული ბაზრების განხილვა. წინამდებარე პროექტი საშუალებას იძლევა ცალკეული დასახელების პროდუქცია განხილულ იქნეს არა მხოლოდ ფასების ჭრილში, არამედ კონკურენტუნარიანობის სხვა მაჩვენებლების მიხედვით.
კვლევისათვის შერჩეულ იქნა ქართული წარმოებისა და იმპორტირებული კვების პროდუქტები, გამაგრილებელი სასმელები, ალკოჰოლური პროდუქცია, არაალკოჰოლური პროდუქცია, ლუდი, რძის პროდუქტები.

კვლევის ჩატარების დროს, აქცენტი გაკეთდა ბათუმის ბაზარზე. საკვლევი პროდუქტებისა და საკვლევი ქალაქის  ასეთი არჩევანი განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:
·        ბათუმი წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ტურისტულ ქალაქს;
·     ტურისტული პოტენციალი ვლინდება არა მარტო შიდა ტურიზმის, არამედ  საგარეო ტურიზმის მიმართულებითაც;
·        ზაფხულის პერიოდში იზრდება მოთხოვნა;
·   ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილა როგორც სამამულო წარმოების, ასევე იმპორტირებული პროდუქცია;
·   ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების მსყიდველობითი უნარი საშუალოზე მაღალია;
·      წარმოდგენილი იქნება ის სავაჭრო ქსელები, რომელიც ბათუმის მასშტაბით ფუნქციონირებს;
·         შერჩეული პროდუქცია არ მიეკუთვნება არც ფუფუნების საგანთა რიცხვს და არც პირველადი მოთხოვნილების პროდუქციას;
·         მომხმარებელთა მხრიდან, არჩევანის თავისუფლება გარანტირებულია, რადგან მწარმოებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია;

გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის შემოსავლები დაბალია, კონკურენციის მთავარ სახედ გვევლინება ფასობრივი კონკურენცია. დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი ცდილობს ფიქსირებული თანხით უფრო მეტი რაოდენობის პროდუქცია შეიძინოს, ამ შემთხვევაში, მისთვის არჩევანის გაკეთების მთავარი მოტივია დაბალი ფასი. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ხარისხი, მეორე რიგში დგას. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბათუმის, როგორც საკვლევი ქალაქის არჩევა განაპირობა იმანაც, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის პერიოდში, მოსახლეობის საშუალო შემოსავალი მაღალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მცხოვრებნი, განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქებიდან თუ რეგიონებიდან, უფრო მეტ შემოსავალს იღებენ, შემოსავლებში სხვაობა ძირითადად განპირობებული იმით, რომ ტურისტულ სეზონზე ბათუმს სტუმრობს უამრავი უცხოელი ტურისტი, რომელთა ხარჯზეც ხდება საშუალო სტატისტიკური შემოსავლის ზრდა.

კვლევის მიზნები, ამოცანები და მიღწეული შედეგები

მიზნები:

-         შეფასებულ იქნა ქართული წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორები - შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით: ბაზრის წილი, ფასი, განმასხვავებელი ფაქტორები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დონე, კონკურენციის სიმწვავე, კლიენტთა კონცენტრაცია, იმიჯი;
-         განისაზღვრა ქართული პროდუქციის საფასო ცვლილება სეზონურ და არასეზონურ პერიოდში - საფასო ცვლილების შესწავლა მოხდა შემდეგ ეტაპებად: მარტი-მაისი (როცა პროდუქციაზე მოთხოვნას აყალიბებს მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებელი), ივნისი-სექტემბერი (როცა ტურისტული სეზონი ძალაშია შესული და მოთხოვნა ყალიბდება როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ისე ტურისტების მიერ);
-         განისაზღვრა სამამულო პროდუქციის მოთხოვნის ცვლილება სეზონურ და არასეზონურ პერიოდში - მოთხოვნის ცვლილების შესწავლა მოხდა შემდეგ ეტაპებად: მარტი-მაისი (როცა პროდუქციაზე მოთხოვნას აყალიბებს მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებელი), ივნისი-სექტემბერი (როცა ტურისტული სეზონი ძალაშია შესული დ მოთხოვნა ყალიბდება როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ისე ტურისტების მიერ);

ამოცანები:

-         ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრისათვის გამოკითხული იქნა ადგილობრივი მოსახლეობა-გამოკითხვის პერიოდი 2019 წლის მარტი-მაისი, ასევე უცხოელი ტურისტები, რომლებიც გამოიკითხა 2019 წლის ივლის-სექტემბერში;
-         ჩამოყალიბდა რეკომენდაციები კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად;
-      შესწავლილ იქნა სხვადასხვა პროდუქციის ფასები ბათუმის აგრარულ ბაზარსა და ბათუმში მოქმედ სუპერმარკეტებში:

შედეგები:
კვლევის  ძირითად სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს:

-      ცალკეული პროდუქციის მიხედვით კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და პირველია თავისი მნიშვნელობით;
-     ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შეფასდა ერთდროულად შვიდი კრიტერიუმის მიხედვით: პროდუქციის ბაზრის წილი, ფასი, განმასხვავებელი ფაქტორები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დონე, კონკურენციის სიმწვავე, კლიენტთა კონცენტრაცია და იმიჯი;
-    ამ ფაქტორების კვლევის შედეგად, გამოვლინდა ეროვნული წარმოების ზოგიერთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მოქმედი ფაქტორი;
-      მომზადდა წინადადებათა პაკეტი, ადგილობრივი მწარმოებლების დასახმარებლად, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს. წინადადებები მომზადდა მარკეტინგის, წარმოებისა და ფასწარმოქმნის მიმართულებით;
-  საქმიანობა განხორციელდება პროექტის დასრულების შემდეგაც, რათა მოხდეს სხვადასხვა წელს მიღებული შედეგების ურთიერთშედარება და გარკვევა იმისა, გაიზრდა თუ შემცირდა ეროვნული წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობა;
-   2019 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია საგრანტო პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით;
-   მიღებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდება საერთაშორისო, მაღალრეფერირებად გამოცემაში.








Comments