სამეცნიერო პროექტი: „ბათუმი ბრიტანეთის ვიცე-კონსულების ანგარიშებში (1830-1853 წლები )“
ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ოლეგ ჯიბაშვილის სამეცნიერო პროექტი: „ბათუმი ბრიტანეთის ვიცე-კონსულების ანგარიშებში
(1830-1853 წლები )“ ბსუ-ს მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი
პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. კვლევით პროექტში ჩართულია ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე, ასისტენტ პროფესორი ხათუნა დიასამიძე,
სტუდენტი ნანული პატარაია.
ნაშრომში შესწავლილია ბრიტანეთის
ვიცე-კონსულთა (ჯეიმს ბრანტი, ფრედერიკო გუარაჩინო, უილიამ რიჩარდ ჰოლმსი) ცნობები
ბათუმის შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან საისტორიო წყაროებს წარმოადგენენ.
ოსმალეთის მფლობელობაში
მყოფი ბათუმი XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თანდათან მოექცა რუსეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების, განსაკუთრებით ინგლისის გეოპოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებში. ამ დროისათვის ქალაქი შედიოდა ლაზისტანის სანჯაყის შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი ტრაპიზონის საფაშოს საზღვრებში ექცეოდა.
ბათუმით დაინტერესება არ
იყო შემთხვევითი მოვლენა. ეს რეგიონში შექმნილმა გარემოებებმა განაპირობა. ოდესღაც
მძლავრი ოსმალეთის იმპერია XVII საუკუნიდან დასუსტებას იწყებს. XVIII საუკუნეში კრიზისი
კიდევ უფრო გაღრმავდა და იმპერიის სახელმწიფოებრივი სისტემის ყველა სფერო მოიცვა. პარალელურად,
გაიზარდა ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა. აღნიშნული ვითარება მეთოდურად ანგრევდა ოსმალეთის
სახელმწიფოებრივ საფუძვლებს და ქვეყანას დაღუპვისაკენ მიაქანებდა. იმპერიის
მოღვაწეთა საღად მოაზროვნე ნაწილი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ
უშედეგოდ − მდგომარეობა კვლავ სავალალო რჩებოდა.
ოსმალეთის სისუსტე მეზობელ
სახელმწიფოებს მისი ტერიტორიების დაუფლებისაკენ უბიძგებდა. ეს პროცესი XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან (ვერონის კონგრესი, 1822 წელი) „აღმოსავლეთის საკითხის“ სახელით გახდა ცნობილი. თუმცა, როგორც საერთაშორისო პრობლემა,
იგი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დადგა დღის წესრიგში.
ფაქტობრივად, ეს იყო ევროპის დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის,
ურთიერთდაპირისპირება ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობისათვის
გამართულ ბრძოლაში. რუსეთმა ამ ბრძოლაში დიდ
წარმატებებს მიაღწია, რაც დასავლეთ ევროპის სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა.
რუსეთ-ოსმალეთის ადრიანოპოლისა
(1829 წ.) და უნკიარ-ისკელესის (1833 წ.) შეთანხმებების შემდეგ რუსეთის ახლო-აღმოსავლური
პოლიტიკის მიმართ შიში კიდევ უფრო გაიზარდა. დასავლეთი, რომლის ავანგარდშიც ინგლისი
იდგა, რუსეთის მოძალებისაგან ოსმალეთის დასაცავად გააქტიურდა.
სწორედ მიმდინარე
მოვლენების ფონზე გაიზარდა ბათუმის, როგორც
საზღვაო პორტისა და
ორ იმპერიას შორის მდებარე
სასაზღვრო ქალაქის როლი. 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის
შედეგად ოსმალეთმა დაკარგა ფოთი
(ციხე-სიმაგრე და პორტი) − მნიშვნელოვანი ავანპოსტი აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთში და ეს ფუნქცია ლოგიკურად იტვირთა ბათუმმა − ყველაზე მოსახერხებელმა ნავსაყუდელმა
და გეოსტრატეგიულად
უმნიშვნელოვანესმა პუნქტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ეს მომენტი არც
დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური წრეებისათვის დარჩენილა შეუმჩნეველი.
თავიდან ბათუმი ტრაპიზონში მყოფი ინგლისის ვიცე-კონსულის სამანდატე სივრცეში
მოექცა, მაგრამ ქალაქის მიმართ მზარდმა ინტერესმა განაპირობა ის, რომ მალე, 1839 წელს, დიდმა ბრიტანეთმა თავისი ვიცე-კონსული უშუალოდ ბათუმში დანიშნა (მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1840 წლიდან). ინგლისის ვიცე-კონსულები პერიოდულად
ანგარიშებს გზავნიდნენ სტამბოლში თავიანთი სახელმწიფოს ელჩთან, რაც ნაკლებადაა ცნობილი
ქართული ისტორიოგრაფიისათვის, არადა ისინი საკმაოდ მდიდარ მასალებს შეიცავენ თანადროული
პერიოდის ბათუმისა და მისი შემოგარენის ისტორიისათვის.
ბრიტანეთის პირველი ვიცე-კონსული ტრაპიზონში (1831 წლიდან) − ჯეიმს ბრანტი ელჩისადმი წარდგენილ თავის პირველ ანგარიშში მოკლედ შეეხო იმდროინდელ ბათუმსაც. ირკვევა, რომ ახლო ხანებში, ტირანული მმართველობის გამო, ბათუმიდან გაუძევებიათ ადგილობრივი ხელისუფალი. 1835 წელს, მცირე აზიის ნაწილსა და დასავლეთ სომხეთში მოგზაურობის ფარგლებში, ბრანტი პირველად ეწვია ბათუმს და უფრო დეტალურ ანგარიშში შეეხო როგორც ბათუმის ყურესა და ნავსადგურს, ისე აქაურ კლიმატსა და ბათუმელთა ყოფა-ცხოვრებას.
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი
და მრავალფეროვანი ცნობებია დაცული ვიცე-კონსულების − ფრედერიკო გუარაჩინოსა და უილიამ
რიჩარდ ჰოლმსის ანგარიშებში. ეს გასაგებიცაა − მათი რეზიდენცია უშუალოდ ბათუმში იყო
(1840-1853 წწ.).
სხვა საყურადღებო ფაქტების
გარდა, ვიხე-კონსულებმა დააფიქსირეს ერთი საინტერესო მომენტიც. ცნობილია, რომ თავიდან
ბათუმის ცენტრი მდებარეობდა საზღვაო ყურეს აღმოსავლეთით, მდ. ყოროლის-წყლის შესართავის
სიახლოვეს. XVIII საუკუნეში დაიწყო და XIX საუკუნეში დასრულდა ქალაქის ცენტრის გადანაცვლება
ყურეს დასავლეთით, თანამედროვე საზღვაო პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან უბის
ეს ნაწილი უფრო მოსახერხებელი იყო დიდი წყალწვის ხომალდებისათვის. ამ პროცესის დასკვნითი
ეტაპი აისახა სწორედ ვიც-კონსულთა ანგარიშებში. კარგად ჩანს ქალაქის ზრდის ტენდენციაც.
ბრანტი ბათუმის ყურეს დასავლეთით
არსებულ დასახლებასა და ბაზარს ჯერ კიდევ ვერ უწოდებს ქალაქს (1835 წ.). მისი აღწერით,
იმდროინდელი ბაზარი შედგებოდა 60 მაღაზიისგან, აქვე იყო რამდენიმე ყავის სახლი და ხანე,
აგრეთვე მეჩეთი. ყველა მათგანი ხით იყო აშენებული. ვიცე-კონსულის ყურადღება მიიქცია
იმ ფაქტმა, რომ ბევრი შენობა მშენებლობის პროცესში იყო და ტერიტორიას ახლად დაარსებული
ახალშენის (კოლონიის) იერი ჰქონდა.
ყურეს დასავლეთ მდებარე
დასახლებას გუარაჩინოც სოფელ ბათუმს უწოდებს (1840 წ.), მაგრამ ადგილობრივ ბაზარში
უკვე 200 მაღაზიას მიუთითებს, რაც გრძელ ქუჩას ქმნიდა. აი ჰოლმსი კი 1850-იანი წლების
დასაწყისისათვის ბათუმს თამამად უწოდებს ქალაქს (town). მისი ანგარიშებიდან ჩანს, რომ
ეს პატარა ქალაქი საკმაოდ ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს.
ამრიგად, ბრიტანეთის ვიცე-კონსულების
ანგარიშები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ თანადროული ბათუმის შესახებ. მათ საფუძველზე
შექმნილი ნაშრომი კარგ დახმარებას გაუწევს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის პრობლემატიკაზე
მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებს, აგრეთვე, სტუდენტ-ახალგაზრდობასა და, ზოგადად, საკითხით
დაინტერესებულ მკითხველს.
კვლევის შედეგები ნაწილობრივ აისახა მოხსენებაში, რომელიც გამოტანილი იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე «ბათუმი — წარსული და თანამედროვეობა» -X, სტატიის სახით კი დაიბეჭდა ამავე კონფერენციის მასალებში. გეგმაში გვაქვს ასეთივე მოხსენება წარვადგინოთ აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომდევნო მოწვევაზე. მიზნობრივი სამეცნიერო პროექტის საბოლოო
პროდუქცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად/რეფერირებად
ჟურნალში, ხოლო უფრო ვრცელი სახით — ქართულენოვან მონოგრაფიაში
Comments
Post a Comment