კვლევა: „თრომბოზების გენეტიკური ასპექტები აჭარის პოპულაციაში“




კვლევა: „თრომბოზების გენეტიკური ასპექტები აჭარის პოპულაციაში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მარინა ქორიძის ხელმძღვანელობით 2019 წელს ბსუ-ს მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გსძდ) ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მისი შესწავლა დღეისათვის ერთ-ერთ აქტუალურ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებად ითვლება. მუდმივად მიმდინარეობს ათეროსკლეროზული დაავადებების (მიოკარ­დიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი) გართულებების რისკის ბიომარკერების ძიება. თრომბოზების გენეტიკური მარკერების კონტროლი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გსძდ-ის  პროგნოზს და თანამედროვე კვლევების ყველაზე საკვანძო მომენტს.

მითითებული საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია და მეტად აქტუალური, როგორც თრომბოზების გავრცელების სიხშირის და პოპულაციისათვის სპეციფიკური მუტაციების იდენტიფიკაციისათვის, ასევე თრომბოზული გართულებების, რისკ-ფაქტორთა შეფასებისა და პრევენციის თვალსაზრისით. აღნიშნული მიმართუ­ლებით არც თუ ისე ბევრი სამეცნიერო კვლევაა ჩატარებული ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის აჭარაშიც.



ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის და პორტოს (პორტუგალია) უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევის საფუძველზე 2016-2018 წლებში აჭარის პოპულაციის არტერიული თრომბოზების მქონე პაციენტებში შესწავლილი იქნა თრომბოზის გენეტიკური მარკერები (მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR), სისხლის შედედების ლეიდენის V ფაქტორი G1691A  და პროთრომბინის  G20210A გენი).  მიღებული შედეგები გამოქვეყნებული იქნა რეფერირებად ჟურნალებში, მათ შორის  - ტომსონ როიტერის კლასიფიკატორის ჟურნალში და  წარდგე­ნილი იქნა სამ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ჩატარებულმა გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თრომბოზიან პაციენტებსა და საკონტროლო ჯგუფში ადგილი ჰქონდა MTHFR - ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის მთავარი მარეგულირებელი ფერმენტის მაკოდირებელი  გენის მუტაციას, როგორც ჰეტეროზიგოტურ, ასევე ჰომოზიგოტურ მდგო¬მარეობაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, საკვლევ კონტინ¬გენტში, სადაც აღმოჩენილი იქნა ამ გენის მუტაცია, დარღვეულია ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმი, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია მუტაციის კორელაცია ჰომოცისტეინის კონცენტრაციის მატებასთან, ამიტომ საკითხის სრულყოფილად შესწავლისათვის მნიშვნელოვანია ჰომოცისტეინის საერთო რაოდენობის განსაზღვრა საკვლევ კონტინგენტში. თრომბოზების გამომწვევ ერთ–ერთ ბიომარკერად უკანასკნელ წლებში მკვლევარები ერითროციტური ABO სისტემის ჯგუფურ ანტიგენებსაც მოიაზრებენ. მაგალითად, გულის იშემიური დაავადებები ასოცირდება სისხლის AB0 ჯგუფთან, ხოლო სისხლის არა-0 ჯგუფი  სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადებასთან.


 მიღებული შედეგები: გრანტის მიმდინარეობის დროს დამუშავებული იქნა არტერიული თრომბოზით დაავადებული 100 პაციენტის და 100 დონორის ნიმუში. დამუშავებული იქნა მათი ანკეტური მონაცემები. შესწავლილი პაციენტების უმრავლესობა - 88% მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტითაა დაავადებული, ხოლო არტერიული თრომბოზების სხვა სახეები,  გვხვდებოდა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. ანკეტურმა მონაცემებმა,  ასევე აჩვენა, რომ 100  პაციენტიდან 92 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა  თანმხლებ დაავადებებს, როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზია (85%), არითმია (12%), შაქრიანი დიაბეტი (33%), სხვა ტიპის სისხლძარღვოვანი პრობლემები (44%). გამოკითხულ პაციენტთა 28%-ში იყო ოჯახური შემთხვევები.  კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო სხვადასხვა ეპიგენეტიკური ფაქტორის როლის შეფასება დაავადების აღმოცენებაში. პაციენტთა 38% ყოფილი მწეველია, 26 % - აქტიური მწეველი, ხოლო დანარჩენი  38 % არამწეველია. დავინტერდით  მათი კვების ტიპითაც. პაციენტთა დიდი ნაწილი - 76% შერეული ტიპის კვებას ანიჭებს უპირატესობას, 8% ძირითადად ცხოველური ტიპის საკვებით იკვებება, ხოლო დანარჩენი 15 % კი - მცენარეული საკვებით. დაავადება ძირითადად გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში. ასევე ნიშანდობლივია, რომ შესწავლილ პაციენტთა დიდი უმრავლესობა მამაკაცია - 77% , ქალი კი  - 23%.

   დაავადებულ პაციენტებში და ჯანსაღ დონორებში შესწავლილი იქნა სისხლის ჯგუფების და რეზუს სისტემის ანტიგენების გავრცელების სიხშირე. დონორებად აღებული იქნა იგივე ასაკობრივი და გენდერული ჯგუფი. ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, რომ  ჯანსაღ (დონორულ)  და  დაავადებულთა პოპულაციაში  როგორც ABO, ასევე რეზუს სისტემის ფენოტიპების გავრცელების სიხშირე თითქმის თანაბარია.

   როგორც საკვლევი, ასევე პაციენტთა სისხლის საერთო ნიმუშებიდდან გამოყოფილი იქნა დნმ-ის ნიმუშები. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) განხორციელდა პაციენტების და საკონტროლო პირების ნიმუშების გენოტიპირება MTHFR C677T გენზე. საკონტროლო პირებში ნორმალური გენოტიპის  C/C  გავრცელების  სიხშირე 61.1 % -ს შეადგენდა, C/T გენოტიპის გავრცელების სიხშირე  საკონტროლო პირებში 35.4 % იყო, ხოლო  T/T  მუტირებული გენოტიპი კი 3.5%-იანი სიხშირით დაფიქსირდა.  პაციენტებში  მათი გავრცელების მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: C/T - 50,9%; C/C -25%,45; T/T-23,66%. შედარებითი ანალიზით გამოვლინდა, რომ ჯანმრთელ დონორებთან შედარებით პაციენტებში ბევრად ჭარბობს C/T და T/T გენოტიპების სიხშირე, ხოლო ნორმალური, არამუტირებული  C/C გენოტიპი  თითქმის სამჯერ მეტადაა წარმოდგენილი საკონტროლო ჯგუფში. ასევე, საინტერესოა T/T გენოტიპი, რომლის გავრცელების სიხშირე დაავადებულებში 6 ჯერ მეტადაა წარმოდგენილი.

  თრომბოზების განვითარებაში ანტიკარდიოლიპინების ჩართულობის გარკვევის მიზნით განისაზღვრა ანტისხეულები 100 დონორის და 100 პაციენტის ნიმუშში. მოხდა ანტისხეულების დეტექცია   იმუნოფერმენტული მეთოდით და განისაზღვრა  IgM და IgG-ის კონცენტრაცია. გამოყენებული იქნა “ORGENTEC”--ის ანაწყობი ELISA მეთოდით. ამავე რაოდენობის დონორებისა და პაციენტების ნიმუშები გამოკვლეული იქნა ჰომოცისტეინის კონცენტრაციაზე. გამოკვლევის შედეგად თრომბოზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა IgM-ის მაღალი კონცენტრაცია. თუმცა, IgG მომატებული აღმოჩნდა მხოლოდ ცალკეულ  შემთხვევებში. გარდა ამისა, გამოიკვეთა მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის შემთხვევების  კორელაცია  ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების მაღალ კონცენტ­რაციასთან. დადგინდა ჰომოცისტეინის მაღალი კონცენტრაცია თრომბოზის მქონე პაციენტთა ნიმუშებში. კვლევის შედეგებიდან გამომ­დინარე, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია გამოირიცხოს თრომბოზების აუტოიმუნური გენეზისი და შესაძლებელია ანტიკარდიოლი­პინური ანტისხეულები გამოყენებული იქნეს  თრომბოზების ბიომარკერად.

დასკვნები:
Ø არტერიული თრომბოზებით ძირითადად ავადდებიან 50 წელს ზემოთ  მამრობითი სქესის წარმომადგენლები;
Ø სისხლის ABO და Rh ფაქტორი არ კორელირებს არტერიულ თრომბოზებთან;
Ø თრომბოზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა   IgM-ის მაღალი კონცენტრაცია;
Ø IgG მომატებული აღმოჩნდა მხოლოდ ცალკეულ  შემთხვევებში;
Ø გამოიკვეთა მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის შემთხვევების  კორელაცია  ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების   მაღალ კონცენტრაციასთან; 
Ø თრომბოზის მქონე პაციენტთა ნიმუშებში დადგინდა  ჰომოცისტეინის მაღალი კონცენტრაცია;
Ø შესაძლებელია ანტიკარდიოლი­პინური ანტისხეულები გამოყენებული იქნეს  თრომბოზების ბიომარკერად;
Ø საკვლევ კონტინგენტში დაფიქსირდა მეთილენტეტრაჰიდროფოლატრედუქტაზას MTHFR C677T - ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ფერმენტის მაკოდირებელი გენის მუტაცია;
Ø MTHFR C677T გენის პოლიმორფიზმი გამოვლიდა, როგორც ჰეტეროზიგოტურ, ასევე ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში;
Ø MTHFR C677T მუტაციის მქონე პირებში არტერიული თრომბოზების განვითარების მიზეზად შესაძლებელია ჩაითვალოს   ჰომოცისტეინის დარღვეული მეტაბოლიზმი.
          სამომავლო რეკომენდაციები:
Ø  პრაქტიკაში (სამკურნალო დაწესებულებებში) აღნიშნული შედეგების დანერგვა გამოიწვევს თრომბოზების რისკის შემცირებას და ხარჯთეფექტურობის შედეგს;
Ø  მიღებულ მაჩვენებელთა კომპლექსურ შეფასებას,  თრომბოზების გენეტიკური ასპექტების შესწავლას აქვს  პრაქტიკული ღირებულება მედიცინისათვის, რაც გამოიხატება თრომბოზების პრევენციაში;
Ø  თრომბოზების გენეტიკური ასპექტების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, წინასწარ განვსაზღვროთ მოსალოდნელი დაავადებების განვითარების რისკები და დავამკვიდროთ საზოგადოებაში პრევენციული მკურნალობის კულტურა;
Ø  თრომბოზებისადმი გენეტიკური წინასწარგანპირობებულობის  შეფასების შედეგები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პაციენტის პერსონიზირებული სამედიცინო სერვისებში;
Ø  პოპულაციაში დაავადების ჩამოყალიბებამდე გენეტიკური წინასწარგანპირობებულობის განსაზღვრა სავარაუდოდ შეამცირებს  დაავადებულ ადამიანთა რაოდენობას და შესაძლებელს გახდის შთამომავლობის პრესიმპტომურ დიაგნოსტიკას.



Comments