კვლევა: „შიგა მიგრაციის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთ ეკონომიკურ პარამეტრზე (ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე)“



2019 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსში 42 წარმოდგენილი განაცხადიდან 13-მა მოიპოვა გამარჯვება. ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ავტორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ქეთევან ჭანიძე. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა კვლევა: “შიგა მიგრაციის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთ  ეკონომიკურ პარამეტრზე (ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე)“.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შიგა მიგრაციული პროცესების გამოკვლევა, კვლევის ჩასატარებლად არჩეული იქნა ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონი ხულოს მუნიციპალიტეტი. პროექტი მნიშვნელოვანია მიგრაციის, დემოგრაფიის, ეკონომიკის მიმართულების სამეცნიერო წრეებისათვის, აგრეთვე მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. უშუალოდ ინტერვიუს პროცესში დასმულ შეკითხვაზე: რა წარმოადგენს შიგა მიგრაციის მთავარ მიზეზს? გამოიხატა შემდეგი ძირითადი თავისებურებები: მიზეზი პირველი გამომდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არარსებობით, რაც იწვევს ახალგაზრდების მიგრირებას სოფლიდან ქალაქ ბათუმში. აქ სწავლის პროცესში სამუშაოს დაწყება აიძულებთ უკან დაბრუნების პერსპექტივებზე უარის თქმას. მეორე მთავარ მიზეზად გვევლინება არახელსაყრელი ეკოლოგიური მდგომარეობა. „ზემო აჭარიდან ეკომიგრანტებზე არანაირი ყურადღება არ ვრცელდება“ - აღნიშნავს ერთ-ერთი რესპოდენტი, რომელიც 1989 წლიდან წარმოადგენს ეკომიგრანტს. მესამე მიზეზად სახელდება ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთი რესპოდენტი დასძენს, რომ „სხალთის ხეობაში არის ერთი სამედიცინო პუნქტი, მაშინ როცა სხალთის ტერიტორია მთელი ხულოს მუნიციპალიტეტის დაახლეობით ნახევარია. მეოთხე მიზეზად ასახელებენ სამუშაო ადგილების არა თუ ნაკლებობას, არამედ „არარსებობას“.

განათლებასთან დაკავშირებით თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხელს უწყობს შიდა მიგრაციის ზრდას. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის განათლებით მოსწავლე ვერ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, ესაჭიროება დამატებითი მომზადება. ამგვარი დამატებითი მოსამზადებელი კურსების არარსებობა ადგილზე იწვევს მათ ჩამოსვლას ქალაქში; რის შედეგადაც ხდება სოფლების დაცარიელება. აღნიშნული კი თავის მხრივ უარყოფითად აისახება სოფლის სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაზე. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი რესპოდენტი აღნიშნავს, რომ „...არის სოფლები სადაც პირველ კლასში მოსწავლეები აღარ ჰყავთ. წელს დაახლოებით მასეთი ხუთი სოფელი იქნება...“.  საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე მიზეზი უარყოფითად აისახება სოფლის, კერძოდ ხულოს დემოგრაფიულ ფონზე. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი რესპოდენტი იხსენებს, რომ „...ჩემს ბავშვობაში სოფელ ზემო ვაშლოვანში ვერ იპოვიდით დაცარიელებულ სახლ-კარს, დღეს კი სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია. ახლა, პირიქით, შემჩნევა იმ სახლებისა, რომელშიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ საკმაოდ რთულია“.

ასევე, განსაკუთრებით ყურადსაღებია უკვე შიგა მიგრაციაში მყოფთა დამოკიდებულება უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით. რესპოდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში არ აპირებს უკან დაბრუნებას, ვინაიდან იქ მდგომარეობა არ შეცვლილა და სავარაუდოდ არც შეიცვლება. ხოლო ისინი, რომლებიც საწყის ეტაპზე აღნიშნავენ, რომ ჯერ არ იციან რას მოიმოქმედებენ, შედარებით ხანგრძლივი და სიღრმისეული ინტერვიუს დროს იგივეს გვიპასუხობენ და იმავე მიზეზებს ასახელებენ რაც წინა შემთხვევაში გვქონდა.

მიზეზების ნაირსახეობის მიუხედავად ყველა რესპოდენტს აერთიანებდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მდგომარეობს, იმაში, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა და შესაბამისად, გადაჭრის გზების ძიება-შერჩევაც აქედან უნდა გამომდინარეობდეს.  ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო ე.წ. ,,მთის კანონის’’ მოქმედების შესწავლა, გამოკვლევა რამდენად იცნობს მოსახლეობა ამ კანონს, სარგებლობენ თუ არა კანონით განსაზღვრული შეღავათებით, როგორ აფასებენ კანონის მოქმედებას, არის თუ არა ეს კანონი მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი პირობა და მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისათვის ხელისშემწყობი ფაქტორი. შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იცნობს ,,მთის კანონს’’ (98 %), არ იცნობს (2 %). ამ კანონით მოსახლეობისთვის დადგენილია სხვა და სხვა სახის სოციალური შეღავათი (კომუნალური, დანამატები პენსიაზე, ხელფასზე, ბავშვის ყოლაზე) გამოკითხულთა დიდი ნაწილი სარგებლობს რამოდენიმე სახის შეღავათით ერთდროულად (61 %), ხოლო კომუნალური შეღავათებით სარგებლობს გამოკითხულთა 100 %. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი კანონს დადებითად აფასებს და თვლის, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა ამ კანონის ამოქმედების შედეგად გაუმჯობესდა. მხოლოდ მცირე მათგანი თვლის რომ ეს კანონი არაფერს ცვლის.

მოსახლეობა სოფლად ძირითადად დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, პარალელურად მუშაობს სხვა და სხვა სამუშაოზე, შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილების, პროფესიის, გამოცდილების შესაბამისად. ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მუშაობს პროფესიით, ხოლო საშუალო და პროფესიული განათლების მქონე მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია მომსახურე სექტორში. სოფლის პირობების შესაბამისი სამუშაოს პარალელურად, მათ აქვთ შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკითხულთა დიდი ნაწილი არის სხვა და სხვა სახის ერთწლიანი კულტურის მწარმოებელი, როგორიცაა კარტოფილი, სიმინდი, ხახვი, სტაფილო, ნიორი, პომიდორი კიტრი, ჭარხალი, კომბოსტო. გამოვიკითხეთ ასევე ხულოში დარეგისტრირებული მეწარმეები და მათ უდიდეს ნაწილს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, მხოლოდ მცირე ნაწილს არა აქვს ეს სტატუსი. მიზეზი, რის გამოც საწარმოებს, რომლებიც საქმიანობენ ხულოში, მაგრამ არა აქვთ მინიჭებული აღნიშნული სტატუსი, შეიძლება იყოს, ის რომ ნაწილი ელოდება სტატუსის მინიჭებას, ნაწილი კი ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ იმ კრიტერიუმებს, რაც საჭიროა აღნიშნული სტატუსის მისაღებად. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია საწარმოს მფლობელის მაღალმთიან რეგიონში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის ქონა. თუ სწარმოს მფლობელს არა აქვს ეს სტატუსი, მაშინ ვერც მის მიერ დაფუძნებული საწარმო მიიღებს ამ სტატუსს. გამოკითხული მეწარმეების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ მათი საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობა ,,მთის კანონის’’ ამოქმედების შედეგად გაუმჯობესდა. ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაკეთებულია მნიშვნელოვანი დასკვნები და რეკომენდაციები, მომზადებულია სამეცნიერო სტატიები გამოსაქვეყნებლად.

პროექტის ნოვაციად შეიძლება ჩაითვალოს კარტოგრაფიული რუკა, სადაც მოცემულია ხულოს მუნიციპალიტეტის თითოეული სოფელი, შესაბამისი დემოგრაფიული პარამეტრებით.


Comments