ბსუ-ში ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომთა ანთოლოგია გამოიცა



ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომთა ინგლისურენოვანი ანთოლოგია გამოიცა. კრებული  ფსიქოლოგიის სერიას ეთმობა. ანთოლოგიაზე ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა იმუშავა. უნივერსიტეტისთვის სამეცნიერო ნაშრომთა გამოცემის საჭიროებაზე, მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გურამ ჩაგანავა.

სამეცნიერო ნაშრომთა ანთოლოგიის მნიშვნელობა უნივერსიტეტისთვის

ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ხნის განმავლობაში იყო მცდელობა, შექმნილიყო  საუნივერსიტეტო უცხოენოვანი კრებული, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა სამეცნიერო კვლევითი ნაშრომები. აღსანიშნავია, რომ დღემდე ცალკეული ფაკულტეტები და დეპარტამენტები გამოსცემენ კრებულებს, თუმცა ერთიანი საუნივერსიტეტო სახით არ დაბეჭდილა. ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მუშაობა ამ მიმართულებით და გამოიცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაშრომთა ანთოლოგია. ვინაიდან ჩვენი დეპარტამენტი მუშაობდა პირველ გამოცემაზე, ამჯერად ფსიქოლოგიის სერიაა წარმოდგენილი.

კრებულის გამოცემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნივერსიტეტისთვის რამდენიმე მიზეზის გამო. უნივერსიტეტი ფასდება არამხოლოდ სწავლების პროცესით, თუ როგორ კონტიგენტს ვუშვებთ, არამედ როგორია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კვლევითი ნაშრომები, რომლებსაც აქამდე ვბეჭდავდით ნაკლებად გადიოდა ჩვენი ქალაქიდან და ქვეყნიდან. ვინაიდან, ნაშრომები ინგლისურენოვანია ეს იძლევა საშუალებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ. ვგეგმავთ, კრებულის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები წარმოდგენილი იყოს, როგორც საქართველოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ასევე გვსურს, მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში გადავცეთ.

საზღვარგარეთის ლიტერატურაში  არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვენი მეცნიერ-თანამშრომლები სხვადასხვა უცხოენოვან კრებულში აქვეყნებენ თავიანთ ნამუშევრებს, თუმცა სასურველია ამის პარალელურად უნივერსიტეტის სახელი გავიტანოთ. ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტის გამოცემებმა მიიღოს საერთაშორისო აღიარება. უნდა მივიდეთ იმ  დონემდე, რომ არ გვჭირდებოდეს სხვაგან ჩვენი ნაშრომების გაგზავნა, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის ნაშრომთა ანთოლოგიაში გამოქვეყნება უკვე საერთაშორისო აღიარების ტოლფასი იყოს. იმედია, ამ ეტაპამდეც მალე მივალთ.


კრებულის თემატიკა


კრებულზე მუშაობა 2017 წელს დავიწყეთ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემის ფორმატით ვიხელმძღვანელეთ. წარმოდგენილია ინგლისურენოვანი ნაშრომები, რომლებსაც ქართულენოვანი რეზიუმეები აქვს. რადგან ეს სერია ფსიქოლოგიას ეთმობა, კრებულში წარმოდგენილი თემები აღნიშნულ მიმართულებას უკავშირდება. ვინაიდან უნივერსიტეტის მიერაა გამოცემული ეს ანთოლოგია,  რედაქტორად ითვლება უნივერისტეტის რექტორი ბატონი მერაბ ხალვაში. ხოლო, რადგან ფსიქოლოგიის მიმართულებაა ამჟამად ანთოლოგიაში წარმოდგენილი, ამ სერიის რედაქტორი არის ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ფრიკი. ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში  და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კრებულშიც აქვეყნებდა სტატიებს.

ანთოლოგიაში არ არის რომელიმე კონკრეტულ საკითხზე აქცენტირება. ჩვენ არ შევზღუდეთ თემატიკა, მე მაინც მგონია, რომ რადგან ეს არის საუნივერსიტეტო კრებული შეზღუდვა არ იქნებოდა მართებული. ყველამ წარმოადგინა საკითხები და კვლევები, რომლებზეც წლების მანძილზე მუშაობენ და დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად, შემიძლია დავასახელო პროფესორ ნოდარ ბარამიძის თემა „აქსელერაცია და სწავლის მოტივაციური ფაქტორები“, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება. ეს თემა იმ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ხდება და დაჩქარებული განვითარების პრობლემასთანაა დაკავშირებული.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხი, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის არის ქეთევან ბერიძის თემა „კარიერული დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება ზოგადი განათლების სკოლებში“. ხშირად პროფესიის არჩევაზე დიდ გავლენას ახდენენ ოჯახის წევრები და საზოგადოება, წლების შემდეგ კი ჩვენი გადაწყვეტილება ძვირი გვიჯდება და ფსიქოლოგიურად განვიცდით. ნაშრომი ეყრდნობა კვლევებს, რომლებიც  აჭარის  სკოლებში ჩატარდა. ასევე ანთოლოგიაში წარმოდგენილია სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც უკვე დეტალურად კრებულში შეგიძლიათ გაეცნოთ

კრებულთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს.  კვლავ ვაგრძელებთ ნაშრომების შეგროვებას და სამომავლოდ გამოვცემთ ისევ ფსიქოლოგიის მიმართულებით. ფაკულტეტის ადმინისტრაციას მოეწონა ასეთი მცდელობა და იგეგმება სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის სერიების გამოცემაც. სავარაუდოდ, სხვა ფაკულტეტებიც ჩაერთვებიან. როგორც უკვე ვახსენე, ვმუშაობთ და იგეგმება საზღვარგარეთ ანთოლოგიის გატანა და წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში განთავსება.


კრებულში წარმოდგენილი ავტორებისა და ნაშრომების ჩამონათვალი:

  •  ნოდარ ბარამიძე
„აქსელერაცია და სწავლის მოტივაციური ფაქტორები“

  • ქეთევან ბერიძე
„კარიერული დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება ზოგადი განათლების სკოლებში“

  •        ვარდო ბერიძე
“სინდისის კატეგორია, როგორც „სუპერ-ეგო“ (ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით)“

  •           რ. ბერიძე, ნ. იმნაძე, მ. პაპუნიძე
„რაოდენობის შენარჩუნების პიაჟესეული ფენომენის ლონგიტუდური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი“

  •          გურამ ჩაგანავა
„მარგარეტ მალერის აუტისტური ფაზის აღწერილობის ინტერპრეტაციის მცდელობა“

  •           რუსუდან კეჭაყმაძე
„გენდერული სტერეოტიპების კვლევა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში“


  • გიორგი მასალკინი

"თანამედროვე ცნობიერების რადიკალიზაციის ზოგიერთ ასპექტზე"

  •         შორენა მესხიძე
"სკოლაში მასწავლებელთა განსხვავებული სოციალური სქესობრივი უნარების გამოვლენის მახასიათებლები"

  •          გურანდა შამილიშვილი
"მასმედიის ზეგავლენა გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე"

  •            მაია თოიძე
"პროფესიის არჩევის თავისებურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან"

  •         ეთერ ვარშანიძე
"ჰიპერტენზიის მადიფერენცირებული მოწყვლადობის დადგენის მცდელობა სამედიცინო პერსონალის ფსიქოტიპების შესწავლის საფუძველზე"



კრებულის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:



Comments