„სოფ. ქობულეთის გვიანმეზოლითურ-ადრენეოლითური ხანის ნამოსახლარის ინტერდისციპლინური არქეოლოგიური კვლევა-ძიებები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“



ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორის კვლევა: „სოფ. ქობულეთის გვიანმეზოლითურ-ადრენეოლითური ხანის ნამოსახლარის ინტერდისციპლინური არქეოლოგიური კვლევა-ძიებები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“ 2019 წელს ბსუ-ს მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტერიტორიაზე არაერთი ქვის ხანის ძეგლია აღმოჩენილი. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფ. ქობულეთის ღია ტიპის ნამოსახლარს. მისი პირველი არქეოლოგიური შესწავლა დაკავშირებულია ცნობილი ქართველი ქალი არქეოლოგების - ნინო ბერძენიშვილი-კილაძისა და ლამარა ნებიერიძის სახელთან. ძეგლის სიღრმისეული მეცნიერული კვლევა ეკუთვნის არქეოლოგ სერგო გოგიტიძეს, რომელმაც 1973-1986 წწ.  არაერთი საველე სეზონი ჩაატარა სოფ. ქობულეთში

2019 . 33 წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით არქეოლოგიური სამუშაოები სოფ. ქობულეთში გაგრძელდა. პირველად აჭარის ქვის ხანის არქეოლოგიაში საველე სამუშაოებში ჩართული იყო ინტერდისციპლინური ჯგუფი. ამასთან ერთად, გათხრებში მონაწილეობას ღებულობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელიც. სამუშაოების შედეგად სულ აღმოჩნდა 1533 ერთეული მასალა. მათგან 262 იარაღია, დანარჩენი კი დაუმუშავებელი არტეფაქტები. ძირითად ნედლეულად კაჟი და ობსიდიანია გამოყენებული. იარაღებში სჭარბობს: საჭრისები, სატეხები, გვერდდაბლაგვებული და რეტუშირებული მიკროლამელები, საფხეკები, სახოკები და სხვ.


ინტერდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში დაფიქსირდა საინტერესო შედეგები:

- ტრასოლოგიური ანალიზის შედეგად (დოქტ. ქეთევან ესაკია) დასტურდება, რომ იარაღთა დიდი ნაწილი ლამელებსა და მიკროლამელებზეა დამზადებული; იარაღებში დომინირებს ნანადირევი ხორცისა და ტყავის დამუშავების საქმე. ბევრია ხის და ძვლის დამუშავებისათვის საჭირო იარაღები. კვლევის მიხედვით ჩანს, რომ სოფ. ქობულეთი უნდა ყოფილიყო დროებითი სამონადირეო ბანაკი,

- პალინოლოგიური ანალიზისთვის (დოქტ. მაია ჭიჭინაძე) მიწის სხვადასხვა დონეებიდან ავიღეთ სინჯები. ანალიზმა აჩვენა, რომ პალინოლოგიურ სპექტრში გვხვდება როგორც სითბოს, ისე სიცივის მოყვარული მცენარეები, რაც ბუნებრივია მიანიშნებს განსხვავებული კლიმატური გარემოს არსებობაზე. ამასთან ერთად, პალინოლოგიურ სპექტრში დაფიქსირდა სელის ქსოვილის ბოჭკოები.

- საინტერესო იყო ობსიდიანზე ჩატარებული გეოქიმიური ანალიზის შედეგებიც. საველე სამუშაოების დროს აღმოჩენილი ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევებიდან შეირჩა 50 ერთ. არტეფაქტი, რომელიც .. რენტგენოსპექტრულფლუროსცენციური (XRF) ანალიზისთვის (პროფ. მიხაელ გლასკოკი) გადავაგზავნეთ მისურის უნივერსიტეტში. კვლევამ აჩვენა, რომ ობსიდიანის მომარაგების უმთავრესი წყარო ჭიქიანის მთაა. ამასთან ერთად, გამოიკვეთა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წყაროს არსებობაც. თუმცა, კონკრეტული საბადოები არაა იდენტიფიცირებული.
- რადიოკარბონული მეთოდით ხის ნახშირების კვლევამ (დოქტ. მარიანნა კულკოვა) დაადგინა სოფ. ქობულეთის ასაკი 7769±142 BC.




Comments