იტალიელი დოქტორანტი ბსუ-ში

ვენეციის უნივერსიტეტის კულტურული ანთროპოლოგიისა და ანთროპოლოგიური ლინგვისტიკის დოქტორანტი ანდრეა გამბაროტტო რამდენიმე თვეა ბათუმში ცხოვრობს და ბსუ-ს მეცნიერებთან ერთად,  საქართველოში რელიგიისა და იდენტობის საკითხებს იკვლევს. ახალგაზრდა მკვლევარი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს და მოგვითხრობს თავისი სამეცნიერო კვლევის შესახებ.

ანდრეა გამბაროტტო

 რას საკითხებს ეხება თქვენი კვლევები და რა პერიოდს მოიცავს?

- ჩემი კვლევები ეხება საქართველოში რელიგიისა და იდენტობის საკითხების, უფრო კონკრეტულად კი, დესეკულარიზაციის პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემებს. დესეკულარიზაცია ეს გახლავთ პროცესი, რომელიც გულისხმობს თანამედროვე სახელმწიფოს პოლიტიკური მოვლენების დინამიკის პარალელურად რელიგიის გავლენის ზრდას. ამ შემთხვევაში, ჩემი კვლევის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენადაა ქართველი მუსლიმი მოქალაქე ქვეყნის განვითარების პროცესების თანამონაწილე, იმის ფონზე, როცა ქართული სახელმწიფო, მეტწილად მაინც, მართლმადიდებლურ ქვეყნად წარმოგვიდგება.

აღნიშნულ კვლევებზე სამუშაოდ გასული წლის ოქტომბრიდან ვიმყოფები საქართველოში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვე კიდევ მომიწევს აქ ყოფნა. საკვლევი თემა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს დიდი პასუხისმგებლობით მოკიდებას, რაც თავის მხრივ, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

 რატომ  შეაჩერეთ არჩევანი ჩვენს ქვეყანაზე  და ჩვენს უნივერსიტეტზე?

- საქართველო ავირჩიე სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის ჩემი ამ ქვეყნისადმი პირადი სიმპათიებისა. ერთ-ერთი პირველი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც მდებარეობს მეტად რთულ გეოგრაფიულ რეგიონში.

რეგიონი ძალიან საინტერესოა, რადგან ის ერთი მხრივ, წარმოდგენილია ადგილობრივი, სახასიათო სპეციფიკით, და ასევე, განსაკუთრებული საზოგადოებითა და მათი კულტურით, რომლითაც ქართველები ძალიან ამაყობენ. მეორე მხრივ, ჩემი დაინტერესება გამოიწვია იმანაც, რომ საქართველო უახლოეს ისტორიულ წარსულში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ორ დიდ იმპერიასთან (რუსეთისა და ოსმალეთის) თანაცხოვრებისას, რომლის შესახებ წარსულში შესაძლებლობა მქონდა,  განმეხორციელებინა გარკვეული კვლევები. ამასთანავე, საქართველო საინტერესოა იმითაც, რომ აქ კარგად ჩანს ქვეყნის საზღვრების ცვლილების დინამიკა საბჭოთა მმართველობასა და თურქეთს შორის თავის დროზე მიღწეული გარკვეული შეთანხმებით.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი კვლევების განხორციელება საქართველოს დავუკავშირე, გახლავთ ის, რომ აქ ქვეყნის სხვადასხვა უმცირესობას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ, მუსლიმ ქართველებს უჭირავთ, განსხვავებით ჩემი წინა კვლევებისა, რომელიც ძირითადად წარიმართებოდა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ. ამდენად, ვფიქრობ, რომ საინტერესოა მათი იმ ქვეყანაში კვლევაც, სადაც ისინი ქვეყნის უმცირესობებს წარმოადგენენ. აღნიშნულ თემაზე მუშაობის ერთ-ერთი პოზიტიური მხარე ისიც გახლავთ, რომ მომეცა შესაძლებლობა, აღმომეჩინა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის საზოგადოება“, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში დაფუძნდა.

უნდა ვაღიარო, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ავირჩიე, არის ის, რომ ის მართლაც ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი ქვეყანაა, რაც კიდევ უფრო დიდ ინტერესს აღძრავს მისი გაცნობისა და შესწავლის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის შესახებ აჭარის რეგიონის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გავიგე. შემდგომ, როცა დეტალურად გავეცანი ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ხანგრძლივ და ნაყოფიერ წარსულს, ასევე წარმატებულ აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში ჩართულობასა და სხვადასხვა ევროპულ წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის უდიდეს გამოცდილებას, გადავწყვიტე, ჩემი კვლევის პროცესში კონსულტაცია გამევლო თქვენი უნივერსიტეტის მეცნიერებთან და ერთობლივად დაგვეგეგმა კვლევის  შემდგომი ამოცანები.

საქართველო და თქვენი შთაბეჭდილება?

- არ მინდა ძალიან შორს წავიდე და ბევრი ვილაპარაკო ქვეყანაზე, რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ სრულიად ახალია, ყოველ შემთხვევაში, ზოგადად, როგორც აღვნიშნე, საქართველო ძალზე მომხიბვლელი ქვეყანაა, თავისი მდიდარი ისტორიული წარსულით, კულტურითა და უდიდესი პოტენციალით.

ჩანს, რომ ქვეყანა ტურისტულ ინდუსტრიაზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს, რაც ბათუმის მაგალითზეც კარგად ჩანს, თუმცა, ჩემი სუბიექტური შეხედულებით, უფრო მეტი ინვესტირებაა საჭირო. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ვენეციელისთვის, ძალზე ნაცნობია ზოგადად ტურიზმი, მისი უპირატესობები და ნაკლოვანებებიც, ამიტომ, ვფიქრობ, რომ გარკვეული, ერთგვარი ოქროს შუალედის გამონახვა აუცილებელია, როცა საქმე კულტურული მემკვიდრეობის დაცვას (მათ შორის ტურისტებისგან), მის სათანადო მენეჯმენტს და კომერციალიზაციას ეხება.

საქართველოში კვლევის პერიოდში რას გამოყოფდით, რა იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო თქვენთვის?

- ვფიქრობ, რომ ჩემი კვლევის განსაკუთრებული და საინტერესო ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, ვინაიდან მომდევნო დღეებში მივდივარ ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც დაახლოებით თვეზე მეტხანს ვგეგმავ დარჩენას. თუმცა, კვლევების პარალელურად, შესაძლებლობა მქონდა მომენახულებინა აჭარის რამდენიმე სოფელი, მათ შორის ვიმყოფებოდი მაჭახლის ხეობაშიც, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ საახალწლო რიტუალშიც მივიღე მონაწილეობა, რაც, ჩემთვის, როგორც ანთროპოლოგისთვის, ორმაგად საინტერესო იყო. ამასთანავე, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრების მონაწილე გახლდით თბილისშიც. საერთო ჯამში კი, ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩემი მოგზაურობის უამრავი საინტერესო ნაწილი სწორედ, წინ მელოდება, რომელსაც მომავალში დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.

რამდენად მნიშვნელოვანია ბსუ-ს მეცნიერების გამოცდილების გაზიარება თქვენი კვლევისთვის?

- ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და ნაყოფიერი აღმოჩნდა თანამშრომლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტთან და აქ მომუშავე სამეცნიერო პერსონალთან. გავეცანი უნივერსიტეტისა და უშუალოდ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა საქმიანობას. ჩემი კვლევებისათვის განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რაც რეგიონის უკეთ გაცნობასა და კვლევების საფუძვლიანად განხორციელებაში დიდ სამსახურს გამიწევს. უდიდესი მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორს, როინ მალაყმაძეს.

აპირებთ თუ არა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას ბსუ-ს მკვლევრებთან ერთად?

- ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რაზეც მკვლევრებთან შეხვედრისას ვისაუბრეთ კიდეც. შევთანხმდით ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ერთობლივი კვლევებსა და პროექტებზე მუშაობას. პარალელურად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად დავეუფლო ქართულ ენას, რათა მომავალში უკეთ შევძლო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თავისებურებებისა თუ ისტორიული პროცესების უკეთ გაცნობა.



Comments